საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კარინ პეტისი მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები.
დავით უსუფაშვილმა და კარინ პეტისმა ისაუბრეს ბელგიის სამეფოს პარლამენტის მიერ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის პროცესის დასრულებაზე. როგორც ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აღნიშნა, რატიფიკაციის პროცესი დაწყებულია და ის წარმატებით მიმდინარეობს.
კარინ პეტისმა განაცხადა, რომ იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩებისთვის ორგანიზებული ,,დიპლომატიური ტური-2015"-ის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში იმყოფებოდა. ამ ტურის ფარგლებში მან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულა, სადაც ადგილზე გაეცნო მავთულხლართების შედეგად შექმნილ ვითარებას. დავით უსუფაშვილმა და კარინ პეტისმა რეგიონში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარისა და ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შორის გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით ბელგიის სამეფოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრას ქართული მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი დავით მაღრაძე ესწრებოდა.