რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გაიმართება.
როგორც აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, გაფართოებული შემადგენლობით, ანუ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობით შედგება.
"მორიგი შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცი. შეიძლება, იყოს ივნისის ბოლოს, მაგრამ ეს ჯერ დაზუსტებული არ არის. რაც შეეხება ფორმატის გაფართოებას, ალბათ ასე მოხდება და დაემატება ეკონომიკის სამინისტროდან თითო წარმომადგენელი. როგორც იცით, აქამდე შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ექსპერტი სავაჭრო ურთიერთობების საკითხებში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, გრიგორი კარასინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, სამხრეთ ოსეთთან ე. წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესში, პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.