პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების ,,ჩადებასთან” დაკავშირებით, ვაკეში მდებარე მრგვალ ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი, ორგანიზაცია „ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ აქციაზე სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ ადამიანები, რომელთა ახლობლებსაც, გიორგი გუდაძის მსგავსად, ნარკოტიკი ჩაუდეს.
მოროშკინას თქმით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა და თუკი ხელისუფლების მხრიდან რეაქცია არ იქნება, მსგავსი აქციები გაგრძელდება. აქციის მონაწილეებს თან სათამაშო იარაღები და თეთრი ფხვნილით სავსე პარკები აქვთ მიტანილი.
შეგახსენებთ, გასულ წელს ვაკის საცურაო აუზთან დაჭრილ გიორგი გუდაძეს, რომელიც ნარკოდანაშაულის გამო ცოტა ხნის წინ დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული გიორგი გუდაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და იგი რამდენიმე დღეა შიმშილობს.