რიგის სამიტზე ჩვენ მივიღეთ მაქსიმუმი, რისი მიღებაც ამ სიტუაციაში იყო შესაძლებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის განმარტებით, საქართველომ ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და ევროლიბერალიზაციის მიმართულებით "ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა".
"რიგის სამიტზე ჩვენ მივიღეთ მაქსიმუმი, რაც ამ სიტუაციაში იყო შესაძლებელი, რომ მიგვეღო. მოლოდინები შესაძლოა, ყოფილიყო უფრო მაღალი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენმა მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა. ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს. მოლდოვამ სწორედ ამის გამო მიიღო უვიზო რეჟიმი. საქართველომ კი ამაზე მუშაობა დაიწყო ორი წლის წინ, როცა ხელისუფლებაში ჩვენ მოვედით. ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენ მართლაც ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთეთ, რაც გამოიხატა ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ამ სიტუაციაში ჩვენ მაქსიმუმი შევძელით. ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება და დალოდება, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უვიზოდ მიმოსვლა შეძლონ. რაც მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.