თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, მერია დღე და ღამე მუშაობს ცუდი გზების პრობლემის აღმოფხვრაზე. ამის შესახებ მან გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
„ჩვენ არ ვუარყობთ, რომ ქალაქში არის ორმოები, თუმცა ჩვენ მარტის თვიდან დაწყებული არც ერთი მზიანი თუ დარიანი დღე არ გამოგვიტოვებია იმისათვის, რომ ამ პრობლემას ვებრძოლოთ დღის და ღამის განმავლობაში. ამ ეტაპისთვის 2 მილიონზე მეტი ლარია დახარჯული, 47 000 კვ/მ ორმოული სამუშაოა შესრულებული ქალაქის მასშტაბით და წლის განმავლობაში მინიმუმ ამდენს აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა ავთანდილ ხუდაძემ.
გადაცემის მსვლელობისას მერიის საქმიანობა არაერთხელ გახდა მკაცრი კრიტიკის ობიექტი სტუმრად მოწვეული საკრებულოს დეპუტატების მხრიდან. ალეკო ელისაშვილმა უამრავი პრეტენზია გამოთქვა დედაქალაქის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით.
„მთელი ქალაქი იგინება ორმოში ჩარტყმის შემდეგ. ქალაქში საცობებია, ტრანსპორტი დაჯართულია “, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა საკრებულოში ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ავთანდილ სუდაძე თბილისის მთავრობას პირველი დატოვებს.
"ჩვენ ვნახეთ თვითკმაყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც კაბინეტიდან საუბრობს დასაგებ გზებზე. ღრმად ვარ დარწმუნებული და ამის ბევრი ნიშანიც არსებობს, რომ ეს ჩინოვნიკი ერთერთი პირველი იქნება, ვინც თბილისის მერიაში მუშაობას აღარ გააგრძელებს", - დასძინა ირაკლი აბესაძემ.