დღეს, 23 აპრილს, 13:00 საათზე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება კულტურის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას შეხვედრა საქართველოს კოპოზიტორთა კავშირის წარმომადგენლებთან.
როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ბოლო წლებში ქართული პროფესიული საკომპოზიტორო ხელოვნების განვითარება მნიშვნელოვნადაა შეფერხებული, რასაც ობიექტური მიზეზები აქვს. მათი თქმით, არ მიმდინარეობს სისტემატური და მიზანმიმართული მუშაობა - ნაკლები ყურადღება ექცევა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების პოპულარიზაციას, თითქმის აღარ სრულდება ახალი ნაწარმოებები; ნაწარმოებების შესაქმნელად აღარ არსებობს დაკვეთისა და კონკურსის ფორმა; არ შუქდება საქართველოს მუსიკალური ცხოვრების მიმდინარე პროცესები; გაქრა ახალგაზრდობის ინტერესი პროფესიული საკომპოზიტორო ხელოვნებისადმი. A
შექმნილი მდგომარეობის ნაწილობრივ გამოსასწორებლად, მუსიკოსების წახალისებისა და სტიმულირებისათვის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს შემდეგი ღონისძიებების გატარება აუცილებელად მიაჩნია: 1. დაავალოს შემოქმედებით კოლექტივებს: ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს (ნ. მემანიშვილი), თბილისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს (ვ. კახიძე), თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს (ა. ხაინდრავა), ნიკო სულხანიშვილის სახელობის ეროვნულ კაპელას (ა. უშვერიძე), აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას (გ. ყურაშვილი), სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნულ სიმებიან კვარტეტს (კ. ვარდელი) თავიანთ რეპერტუარში, სეზონის განმავლობაში, თითო კონცერტის სახით შეიტანონ თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა ახალი, შეუსრულებელი ნაწარმოებები; 2. 2010 წლის ბოლომდე დააფინანსოს კომპოზიტორთა კავშირის ჟურნალი "მუსიკა" (სულ 3 ნომერი, კვარტალში თითო); 3. 2010 წლის ბოლომდე გამოაცხადოს და ჩაატაროს ორი კონკურსი (ჟანრული და თემატური) საუკეთესო კამერული ნაწარმოებების გამოსავლენად; 4. დააწესოს ორი პრემია: კომპოზიციაში "წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები" (ნებისმიერი ჟანრის); მუსმცოდნეობაში - "წლის საუკეთესო ნამუშევარი" (სამეცნიერო ნაშრომი, გამოკვლევა, რეცენზია, ესე, წერილი, ტელე- ან რადიოგადაცემა).