”ჩვენი ხელისუფლების დროს ბათუმში უკვე გაიხსნა ორი ხუთვარსკვალავიანი სასტუმრო და დამატებით ოთხი ახალი სასტუმრო”, აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში პროგრამა ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ წარდგენისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ასევე დაწყებული პოექტები და განმარტა, რომ მხოლოდ 2015 წელს რეგიონში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობამ 366 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2014 წელს კერძო პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 2012 წელთან შედარებით 81% გაიზარდა და 276.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელთან შედარებით კი ზრდა 42 %-ია.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ აჭარაში გაიხსნა შემდეგი სასტუმროები: სასტუმრო „დივან სუითს ბათუმი“, რომელიც არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, ძველ ბათუმში, 15-ნომრიანი სასტუმრო „ახალი ვენეცია“ ინვესტიცის მოცულობამ 1 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე გაიხსნა „აპარტოტელი“, სადაც ინვესტიციის მოცულობა 5 მლნ დოლარი იყო და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონი“, სადაც განხორციელებულმა ინვესტიციამ 130 მლნ დოლარი შეადგინა.
”დაწყებულია და უახლოეს წლებში განხორციელდება 23 ახალი სასტუმროს მშენებლობა. განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 1 მილიარდ 251 მილიონ აშშ დოლარს.
რაც შეეხება ახალი პროექტებს: ახალ ბულვარში 50 000 000 დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც კომპანია “Rekan Group Georgia” სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.
ასევე, „ორბი ჯგუფი“ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროსა აპარტამენტების მშენებლობას აწარმოებს. ხელშეკრულების მიხედვით არანაკლებ 30 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
შპს „იალჩინი“ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ასევე 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს. ინვესტიციის მოცულობა - 9 მილიონი აშშ დოლარი”, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და რამდენიმე პროექტი გამოყო, რომლის განხორციელებაც აჭარაში ტურიზმის სექტორში კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.
პრემიერ-მინისტრის ჩამოთვლილ პროექტებს შორის იყო, სასტუმრო "დრიმ ლენდ ოაზის", სადაც ინვესტიციის მოცულობა 20 მლნ დოლარი იქნება და ხოლო აპარტამენტებიანად კი 60 მლნ დოლარი. ასევე სასტუმრო „კასტელო მარო“, რომელიც 2015 წლის ბოლომდე გაიხსნება და ჩაქვში ”ოაზისის” დამატება იქნება.
ასევე კომპანია „ტამ-ჯეო“ ბათუმში “BABILON“-ს აშენებს, რომელიც 120 ნომრიანი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსი იქნება.