რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ბაზირების 2042 წლამდე გახანგრძლივების სანაცვლოდ უკრაინისთვის გაზზე ფასის დაკლების გადაწყვეტილებას პარტია "ნაშა უკრაინას" ლიდერი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო "კაპიტულაციას" უწოდებს.
"იაფი გაზის სანაცვლოდ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ დისკრედიტაციას ახდენს, დავკარგავთ კონკურენტულ შესაძლებლობებს, დარჩება არაკონკურენტულ ეკონომიკა იმ უიმედობაში, რომელშიც იგი ამჟამად იმყოფება. სასწორის მეორე მხარეს დებენ ყველა ერის წმინდათაწმინდას _ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩემთვის ასეთი გაცვლა გაუგებარია", _ აცხადებს იუშჩენკო.
მისი თქმით, უსაფრთხოების საკითხები ვერასოდეს ვერ გაუტოლდება თავისი მნიშვნელობით ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხებს.
"ცეცხლი შესაძლოა თივით დავანთოთ, გავიჭირვოთ, მაგრამ დამოუკიდებელნი ვიყოთ. უნდა გვესმოდეს, რომ ეს წმინდაა", _ აცხადებს იგი და დასძენს:
"ამიტომაც როდესაც დიდი რიხით აცხადებენ, რომ გაზზე ფასი დაწიეს სამხედრო ოკუპაციის სანაცვლოდ, ასეთ შეთანხმებას ვერც როგორც მოქალაქე და ვერც როგორც პოლიტიკოსი ვერ მივესალმები".
იუშჩენკო აცხადებს, რომ გაზისა და ფლოტის შესახებ მიღწეული შეთანხმებები უკრაინის კონსტიტუციის მე-17 მუხლს არღვევს, ამ მუხლს იმპერატიული ნორმა აქვს და მას ვერც პრეზიდენტი და ვერც დეპუტატები ვერ განიხილავენ: უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები არ უნდა არსებობდეს.
"კონსტიტუცია _ ეს ერის არსებობის ქრესტომატიაა. გვახსოვს XX საუკუნის ისტორია, მაშინ როდესაც ხუთჯერ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და ვფიქრობ, არ არის საჭირო შევახსენო ვინმეს ვის მიჰქონდა ყოველთვის ჩვენი დამოუკიდებლობა", _ აცხადებს იუშჩენკო.
უკრაინის უმაღლეს რადასა და რუსეთის დუმაში ამ შეთანხმების ერთდროულ რატიფიცირებასთან დაკავშირებით, იუშჩენკო აცხადებს, რომ შესაძლოა "ეს არ იქნეს დაშვებული ინტელიგენციის, პოლიტიკოსების, საზოგადოებისა და ჟურნალისტების ერთობლივი ძალისხმევით".
იუშჩენკომ ასევე მიმართა უკრაინის ყველა პოლიტიკურ ძალას: "დამარხეთ პარტიული დროშები, ეს არც გაერთიანებთ. თქვენ უნდა გაერთიანებდეთ ჩვენი საბაზისო ღირებულება _ უკრაინის სუვერენიტეტი, რომელსაც 300 წელი ვიცავდით".