მთავრობამ მთავარი პროკურორის არჩევის ახალი წესი დაამტკიცა. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მთავარი პროკურორი ექვსი წლის ვადით აირჩევა.
მისივე განცხადებით, ზედიზედ მთავარი პროკურორად აკრძალული იქნება ერთი და იგივე პირის არჩევა.
,,შეიქმნება საპროკურორო საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი. საპროკურორო საბჭოს არ ექნება საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების უფლებამოსილება. საბჭოში იქნება ცხრა წევრი: იუსტიციის მინისტრი, ოთხი საპროკურორო კონფერენციის მიერ არჩეული პროკურორი, რისთვისაც შესაბამისად შეიქმნმნება საპროკურორო კონფერენცია. პარლამენტის 2 წევრი, რომლებსაც პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან პარლამენტის მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული 2 წევრი, რომლებიც იმავდროულად არ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას.იუსტიციის მინისტრი ამ რეფორმის შემდეგ პრემიერს კი არ შესთვაზებს მთავრი პროკურორის კანდიდატურას, როგორც დღეს არის, არამედ საპროკურორო საბჭოს, რომელმაც მთავარი პროკურორის კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს 2/3-ის უმრავლესობით”, - განმარტა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც საპროკურორო საბჭო, დაამტკიცეს მთავარი პროკურორის კანტიდატურას იგი დასამტკიცებლად უკვე მთავრობას წარედგინება, ხოლო შემდეგ პარლამენტს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მთავარი პროკურორის ვადამდე გათავისუფლება მოხდება მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის გამოვლენის, ან სერიოზული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
,,თუ იარსებებს საკმარისი საფუძველი დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, დაინიშნება საგანგებო პროკურორი, რომელიც ორი თვის ვადაში მოამზადებს და საბჭოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. თუკი დასკვნა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს არ დაადასტურებს, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება. თუკი საბჭო წევრთა 2/3-ის უმრავლესობით დაადასტურებს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩადენას, ის მიმართავს საქართველოს მთავრობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე თანხმობის მიღების წინადადებით. თუ მთავრობა თანხმობას განაცხადებს საპროკურორო საბჭოს წინადადებაზე, ის მიმართავს პარლამენტს, რომელიც წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით გადაწყვეტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
თუკი მთავრობა ან პარლამენტი უარს განაცხადებს პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებაზე, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება”, -აცხადებს მინისტრი.