”დღეს საქართველო სრულიად განსხვავებული ქვეყნააა, ვიდრე ოცი წლის წინ”,- აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მიმდინარე EBRD-ის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესიაზე გააკეთა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში მიღწეულია უზარმაზარი წინსვლა ყველა სფეროში - ჯანდაცვითა და განათლებით დაწყებული, პოლიტიკური სტაბილურობით, ეროვნული უსაფრთხოებითა და ეკონომიკური განვითარებით დამთავრებული.
”წლების განმვალობაში ამ ტრანსფორმაციას მოწმობს ბევრი საერთაშორისო რეიტინგი და დღეს საქართველო არის ლიდერი და მისაბაძი რეგიონში დემოკრატიის განმტკიცების, კორუფციასთან ბრძოლისა და სტაბილური, ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის კუთხით. საქართველოს განვითარების გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირსა და ნატოს, განუყოფელია ჩვენი ერთგულებისაგან ეკონომიკური და დემოკრატიული ტრანსფორმაციისადმი.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი და მნიშვნელოვანი წვლილი ამ საქმეში. შარშან საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით). ეს ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 1 სექტემბერს, არის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ევროპულ გზაზე. ჩვენ, ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად, დავიწყეთ ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელება და ამ პროცესის დაჩქარება ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ასოცირების ხელშეკრულება ქმნის საფუძველს, რომლის წყალობითაც საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში შეუქცევადი ხდება. ის ასევე გვთავაზობს მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის სრულფასოვან ევროპულ სახელმწიფოდ გარდასაქმნელად”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს წვლილი შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში, მსოფლიო ბაზრებსა და მიწოდების გლობალურ ქსელებში ინტეგრაციაში და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ქართულ ბიზნესს, ისე ქვეყანაში მომუშავე უცხოელ მეწარმეებს. ის ასევე მისცემს საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციის საშუალებას.
როგორც პრეზენტაციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, დღეს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უპრეცედენტო ზრდა შეიმჩნევა.
” 2014 წლის წინასწარი მონაცემებით, ასეთი ინვესტიციების ოდენობამ მიაღწია 1,3 მილიარდ დოლარს. ეს კი არა მხოლოდ 35 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს, არამედ რეკორდული მაჩვენებელია ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა გაიზარდა 64 პროცენტით და გადააჭარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური ოდენობის ნახევარს”,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.