,,ნაციონალური მოძრაობა” ფოთის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს. როგორც ,,ნაცმოძრაობის” წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, სწორედ ისინი ხელმძღვანელობდნენ 14 მარტს, ფოთში, სკოლის მოსწავლეების პროპაგანდისტული ფილმის ჩვენებაზე მიყვანას.
,,გუშინ მომაწოდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა 14 მარტს ფოთში სკოლის მოსწავლეების პროპაგანდისტული ფილმის ჩვენებაზე მიყვანასთან დაკავშირებით. დასკვნიდან ცხადად ჩანს, რომ სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ფილმზე მიყვანის პროცესს პირადად ხელმძღვანელობდნენ ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, სწორედ მათ დაავალეს ქალაქის რესურს-ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფილმზე მიყვანის ორგანიზება. პროცესში ასევე მონაწილეობდა განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი დავით შეროზია.თუ ჩვენ გვაქვს ოდნავი პრეტენზია მაინც, რომ წარმოვადგენთ თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოს, ქალაქ ფოთის ამჟამინდელი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ”, _აცხადებს რატიანი და დასძენს, რომ ამ საკითხზე სასურველი იქნებოდა განცხადება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასგანაც მოესმინა, რადგან მას, როგორც ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.