საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა პოლიტიკოსთა საქმიანობის რეიტინგში პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ლიდერობა. როგორც ბერძენიშვილმა ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შეფასებისას განაცხადა დავით უსუფაშვილისნაირი დონის მოღვაწე ქვეყანაში ბევრი არ არის.
,,ჩემთვის არაა დიდი საიდუმლო, რომ დავით უსუფაშვილი იქნებოდა პირველ ადგილზე, იმ უბრალო მიზეზი გამო ამ დონის მოღვაწე ამ წუთში ქვეყანაში ბევრი არ გვყავს”, _აცხადებს ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილის განცხადებით, კვლევის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა, რომ ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალა ,,ქართული ოცნებაა” ოპოზიციაში კი ,,ნაციონალები”.
,, ფაქტია, რომ ,,ქართული ოცნება” არის ყველაზე უფრო პოპულარული პოლიტიკური ძალა, ისიც ფაქტი და სრულიად ნათელია, რომ ოპოზიციაში სერიოზულ ძალას ,,ნაციონალური მოძრაობა' წარმოადგენს. ინსტიტუტების მიმართ, ნდობა ყოველთვის საინტერესოა. ყოველთვის როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია უარესდება, ინსტიტუტებისადმი ნდობა იკლებს, ყოველთვის როდესაც ოდნავ გამოჯანსაღების ნიშნებია, ეს ნდობა იმატებს,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკოსთა საქმიანობის რეიტინგში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლიდერობს. კითხვაზე ,,როგორ შეაფასებდით საქმიანობას?” გამოკითხულთა 17% დავით უსუფაშვილის საქმიანობას კარგად აფასებს, პრეზიდენტის საქმინობას კი კარგად აფასებს რესპოდენტთა 16%, ასევე გამოკითხულთა 16% კარგად აფასებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას, რაც შეეხება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მის საქმიანობას გამოკითხულთა 14% კარგად აფასებს.
გამოკითხვა 2015 წლის 27 მარტიდან–19 აპრილამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).