,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება არასწორი მიმართულებით მიდის და ამას კვლევა არ სჭირდება. „მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რა არის რეალური ვითარება და ამას საკუთარი მაცივრის გამოღებით და საკუთარ ჯიბეში ხელის ჩაყოფით გრძნობს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა «არჩევანში».
ამასთანავე პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ის არ ენდობა NDI ჩატარებულ კვლევას , რადგან „მათ მიერ გამოქვეყნებული არცერთი ციფრი რეალობას არ შეესაბამისება“.
«ზუსტად ვიცი, რომელი ციფრი რატომ არის დაწერილი. ყველა ბოლო კვლევები, რომელიც ტარდება აშშ-ს დაკვეთით რეალობის მაჩვენებელი კი არ არის, არამედ იმ სურათის მაჩვენებელია, რომელიც ამერიკას სურს, რომ იყოს. მოსახლეობის 31%-ს ევრაზიის კავშირში გაწევრიანება სურსო. ეს ციფრი შეგნებულად არის დაწერლი. რათა დაშინება მოხდეს მათი, ვისთვისაც ეს კურსი მიუღებელია. და რაც უფრო მთავარია, რეალური ციფრების წყალობით, რომლებიც ამერიკელებს გააჩნიათ, მათ დაინახეს, რომ ვერც ნაციონალური მოძრაობა, ვერც ალასანია თავისი დემოკრატებით, ვერც რესპუბლიკური პარტია და ქართული ოცნება მათ შორის, ვერ იღებს არჩევნების შედეგად ხმების იმ რაოდენობას, რომ აკონტროლოს ვითარება, უმრავლესობა შექმნას და ამერიკული კურსი გაატაროს ქვეყანაში. ამიტომ მათ გადაწყვიტეს შეექმნათ საფუძველი იმისათვის, რომ პროდასავლური ძალები, მიუხედავად ყველაფრისა, გაერთიანდნენ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დასავლეთის მონებზე, კი ბატონო, შეგვიძლია ვილაპარაკოთ გაერთიანებაზე», - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა რომ «არის მცდელობა ამ ერთობას შეუქმნან საფუძველი, და ხალხს, რომლებისთვისაც მიუღებელია ამდაგვარი გაერთიანება, ათქმევინონ «აბა რა გვექნა რუსეთი შემოდიოდა თავისი ევრაზიის კავშირითო».
NDI–ის სოციალური გამოკითხვის თანახმად, საქართველოში აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების საკითხმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ეს სიცრუეა და ადამიანების უპატივცემლობაა.
«ბევრი წელია საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და დასავლეთისგან არის მიზანმიმართული პოლიტიკა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეეგუოს აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე უარის თქმას. დასავლეთს არ უნდა ზედმეტი თავის ტკივილი. არც ნატო არც ევროკავშირი ამ თემებზე უკვე აღარ ლაპარაკობენ. ამიტომაც ერთი წამითაც კი არ მჯერა ამ ციფრების», – განაცხადა ბურჯანაძემ.