საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლი ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მომავალ არჩევნებამდე ევრაზიაული თემის ფაქტორი გააქტიურდება და შესაძლოა შეიქმნას ახალი კოალიციური ძალა. როგორც მან გადაცემა თეორემაში NDI-ის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, შესაძლოა პრორუსული ძალები გაერთიანდნენ და არჩევნებზე ახალი, კონკურენტული კოალიცია გამოჩნდეს.
"იმ ადამიანისთვის, ვინც ხედავს, რომ ევროკავშირის ბაზარი მისთვის მიუწვდომელია, რა თქმა უნდა, რჩება უფრო ხელმისაწვდომი რუსეთის ბაზარი. ის პროპაგანდაც, რომელიც მიდის რუსული არხების თუ ევრაზიული კავშირის მეშვებით, რომ - აი, რუსეთს, ბელოურუსს, სომხეთს შეხედეთ, ნახეთ, როგორ არის საქმე, არ შეგატანინებთ პროდუქტს, თუ არ იქნება ევრაზიულ კავშირთან საქართველო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის გაურკვევლობა, რომელიც მოსახლეობის ნებისმიერ წარმომადგენელში, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული, კითხვებს ბადებს. ეს ასევე ცალსახად მიუთითებს რუსული ფაქტორის, ევრაზიული ფაქტორის თემის გააქტიურებას, მათ შორის, იმ პოლიტიკური ძალების, რომლებიც ამ თემას აიტაცებენ და როგორც ჩანს, შემდეგი არჩევნები, ზუსტად იქნება იმაზე, ვინ უფრო მეტად შეძლებს ამ თემის აწევას და იქნება ძალიან სერიოზული კონკურენცია. ვფიქრობ, შეეცდებიან მმართველ კოალიციაში შემოირიგონ ან შემოიკრიბონ ის ადამიანები, რომლებიც ევრაზიულ კავშირზე, რუსეთთან ურთიერთობის უფრო ეფექტურ დარეგულირებაზე შეძლებენ საუბარს, იმიტომ, რომ რეალურად მათ რესურსი ამოწურეს რუსეთთან ურთიერთობის "დარეგულირების" და მე არ გამოვრიცხავ, რომ ახალი კოალიცია ვიხილოთ არა რესპუბლიკელებით მარტო, არამედ, შეიძლება ეს რესპუბლიკელები ჩაანაცვლოს ბურჯანაძემ, პატრიოტთა ალიანსმა და სხვა პრორუსულმა პოლიტიკურმა ძალებმა" - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, ამერიკულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება გამოკითხულთა 31%-ს სურს.