პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, რუსული აგრესიის ზრდის გამო, საქართველომ რეგიონში განსხვავებული დატვირთვა შეიძინა და ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ერთადერთი თავისუფალი ზონაა - იარაღის გარეშე.
ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპასთან ეკონომიკური თანამშრომლობის მზარდ ინტერესს გამოხატავენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი და ირანი. შესაბამისად, საქართველოს სურს, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების, ევროპის წამყვან ეკონომიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობაში გარკვეული ფუნქცია იტვირთოს.
დავით უსუფაშვილმა ტყეების მართვაში გამოცდილების გაზიარების სურვილიც გამოხატა,
„ამასწინათ, თვითმფრინავში კახეთის რეგიონის ბევრ წარმომადგენელთან ერთად მომიხდა მგზავრობა. გერმანიიდან ბრუნდებოდნენ. როგორც გავარკვიე, შტუდგარტში ტყეების მართვის კონკრეტულ საკითხებს გაეცნენ და კმაყოფილები ჩანდნენ. ასეთი გამოცდილებების გაზიარება გვჭირდება, რადგან ხშირად ვერ ვიყენებთ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს. ბევრი კონკრეტული პროექტი განხროციელების პროცესშია, მაგრამ კიდევ ბევრი უნდა ვისწავლოთ ევროპისგან,“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.