საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გერმანული კომპანიის წარმომადგენლების სტუმრობას უარყოფს.
როგორც საგარეო უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, აფხაზური მედიასაშუალებებით ხშირეად ვრცელდება უზუსტო ინფორმაციები.
„ძალიან ხშირად საოკუპაციო რეჟიმის მედიასაშუალებებში ვრცელდება ის, რაც მათ უნდათ, რომ გავრცელდეს და ხალხმა დაიჯეროს. იყო ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს გერმანელი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციით, პიროვნებები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, ეროვნებით გერმანელები არიან, თუმცა ერთ-ერთს კომპანია სანკტ-პეტერბურგში აქვს დაფუძნებული და ორი რუსი პარტნიორი ჰყავს,“ - განაცხადა დავით კერესელიძემ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, გერმანული კომპანიის წარმომადგენელი არ ყოფილა.
აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გერმანელი ბიზნესმები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.