მთავრობის პროგრამაში დეტალურად არის წარმოდგენილი საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების სტრატეგია და გეგმები. - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ღარიბაშვილის განმარტებით, განახლებულ სამთავრობო პროგრამაში დეტალურადაა გაწერილი თუ როგორ აპირებს მთავრობა იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც ხალხს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასასვლელად.
,,მასში ჩამოყალიბებულია სამთავრობო პოლიტიკის ყველა ძირითადი ასპექტი. ჩვენ დეტალურად გავწერეთ, თუ როგორ ვაპირებთ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასასვლელად. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობის პრიორიტეტი არის უცვლელი - ეს არის ძლიერი, ეფექტიანი და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ამ რეფორმებს წინ ვერაფერი აღუდგება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი გახდეს შეუქცევადი”, -მიმართა პრემიერმა ,,ნაციონალებს” .