საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა პარლამენტში მიმდინარე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაც პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამჯერად სხდომაზე ნოდარ ხადურს, კახა კალაძეს, გიგლა აგულაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს და ნოდარ ჯავახიშვილს უსმენენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ითხოვეს, პირდაპირ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასულიყვნენ, რადგან, მათი თქმით, მინისტრების სიტყვით გამოსვლას დიდი დრო მიაქვს და თან პროგრამები უკვე წაკითხული ჰქონდათ.
საპარლამენტო უმცირესობამ კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დატოვა იუსტიციის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, სასჯელაღსრულების, დევნილთა მინისტრობის კანდიდატებთან, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატთან შეხვედრის დროსაც. უმცირესობის დეპუტატის გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციისთვის გამოყოფილი 2-წუთიანი დრო მინისტრისთვის კითხვის დასასმელად, ძალიან ცოტაა. მისივე განცხადებით, პარლამენტის წევრები "მსმენელები" არ არიან და მინისტრობის კანდიდატების 7-წუთიან გამოსვლებს კითხვა-პასუხის რეჟიმისთვის დროის დამატება სჯობდა.