პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატებს შორის კამათის მიზეზი დეპუტატების გამოსვლის ფორმატი და დრო გახდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე კანონმდებლებს მოუწოდებს, საკუთარი გამოსვლა დაახლოებით ერთ წუთში ჩაატიონ, კითხვებს 20 წუთი დაეთმობა, ხოლო პასუხებს 40 წუთი.
როგორც უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მათ შეკითხვის დასმის შესაძლებლობა არ ექნებოდათ.
"ჩვენ გვექნება კითხვის დაწყების შესაძლებლობა და არა დასმის, რადგან ერთ წუთში ვერანაიარდ ვერ ჩავეტევით. პარლამენტის წევრები არ არიან მსმენელები, ამიტომ ჩვენ შესაძლებლობა უნდა გვქონდეს მინისტრებს კონკრეტული შეკითხვები დავუსვათ და მათგან ასევე კონკრეტული პასუხები მივიღოთ. ეს სრული დაცინვაა, რადგან მოცემულ დროში ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავეტევით", - აღნიშნა დეპუტატმა რის შემდეგაც საპარლამენტო უმცირესობამ შეხვედრა დატოვა.
ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრები სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, გიორგი მღებრიშვილი, პაატა ზაქარეიშვილი და თინათინ ხიდაშელი იმყოფებიან.