საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარ პროკურორს მომავალში პარლამენტი აირჩევს.
"ჩვენ დავიწყეთ პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა და ძალიან მალე შემოგთავაზებთ მთავრობის მიერ დამტკიცებულ მოდელს - შეიქმნება საპროკურორო საბჭო, სადაც მონაწილეობას მიიღებს თავად პროკურატურა, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორის არჩევნებსა და კანდიდატურის განსაზღვრაში ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოება და საბოლოოდ, მთავარ პროკურორს პარლამენტი აირჩევს. იმედია, ეს წელსვე მოხდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა, თავდაცვის და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
ამ წუთებში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრები სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, გიორგი მღებრიშვილი, პაატა ზაქარეიშვილი და თინათინ ხიდაშელი იმყოფებიან.