პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარეს ზურაბ ტყემალაძეს იმედი აქვს, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ახსნის ყველა პრობლემას, რაც ქვეყანაშია შექმნილი.
,,ვიმედოვნებ, რომ ეკონომიკური გუნდი საკმაოდ დადებითად წარდგება პარლამენტის წინაშე, ისინი ახსნიან ყველა იმ პრობლემას, რომელიც არსებობს, მათ მიერ გაკეთებულ ყველა პროექტს, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, ისინი ამ შეხვედრაზე წარმოაჩენენ. ისაუბრებენ ასევე, იმ პროექტებზე, რაც მომავალში აქვთ გასაკეთებელი", -განაცხადა ტყემალაძემ.
დღეს კანონმდებლები მინისტრთა განახლებული კაბინეტის წევრებს სხვადასხვა კომიტეტის ფარგლებში უსმენენ. დღესვე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას შეხვდება უმცირესობა, უმრავლესობა, ასევე ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები”.
დღის ბოლოს 22:00 საათისთვის კი პარლამენტის ბიუროს სხდომაც არის ჩანიშნული.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას ხვალ გამოუცხადებს.