თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში მისი კანდიდატურა ნდობას მოიპოვებს, თუმცა მას აინტერესებს საპარლამენტო უმცირესობა რა მიზეზით არ დაუჭერს მხარს.
„არ მაქვს არც ერთი მიზეზი ვიფიქრო, რომ პარლამენტი ნდობას არ გამომიცხადებს და ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ უმცირესობა მხარს დაგვიჭერს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდება, რომ ოპოზიციამ მთავრობას მხარი დაუჭიროს, თუმცა ჩემთვის საინტერესო იქნება მიზეზები თუ რას იტყვიან, მაგალითად მე რატომ არ მიცხადებენ ნდობას ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, თავდაცვის მიმართულებით პრიორიტეტები არ იცვლება.
,,ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა და უპირველესი საქმე, რითიც სამინისტრო ყოველდღიურად არის დაკავებული, ესაა ნატო-სთან არსებითი პაკეტის ეფექტური და სწრაფი განხორციელება”,- დასძინა მინისტრმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ნდობის გამოცხადებისთვის საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა. ამ საკითხზე პარლამენტში რიგგარეშე სხდომა 8 მაისს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.