საქართველოს საგარეო სამქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლსა და კონგრესში შეხვედრები გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში დავით დონდუა შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში, ერინ ბარკლის.
თეთრ სახლში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწესთან ევროპის საკითხებში, ჩარლზ კაპჩანთან, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწესთან რუსეთისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, სელესტ ვოლანდერთან და ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველთან ევროპის საკითხებში, მაიკლ კარპენტერთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდა აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩევლებს.
შეხვედრებისას მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე და პერსპექტიულ საკითხებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
ქართულმა დელეგაციამ ამერიკელ პარტნიორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციასთან მიმართებაში, მიმდინარე და დაგეგმილი რეგიონული ეკონომიკური პროექტების და ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისა და ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის მზადების შესახებ. აშშ-ის მხარემ ტრადიციულად მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული კონსოლიდაციის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით მხარეებმა ასევე აღნიშნეს დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობა.
შეხვედრებისას მხარეებმა ასევე სიღრმისეულად განიხილეს საქართველოსა და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. დავით დონდუამ ამერიკელ პარტნიორებს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.