,,როცა მე მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა გადავდე, არ მითქვამს, რომ რომელიმე კანდიდატის წინააღმდეგი ვარ, ან რომელიმე არ მომწონს”, _განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. როგორც მარგველაშვილმა დუშეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ მთავრობის წევრების შერჩევის პროცესი გახსნილი, ყოფილიყო.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მთავრობის განახლებული შემადგენლობის დასასახელებლად ვადა ერთი კვირით გადაწია.
,,თუნდაც ამ ერთი კვირის კონკრეტულ გამოცდილებას თუ შევხედავთ, იმან, რომ მე გამოვიყენე ჩემი უფლება, პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა - შეიქმნა შესაძლებლობა, რომ უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც აქამდე თითქოს ცოტა გაუცხოებულები იყვნენ და პოლიტსაბჭოს საიდანაც ძირითადად არ გვესმოდა განცხადებები, ახლა ჩამოყალიბდნენ და ერთ კონსენსუსამდე მივიდნენ. ასე, რომ კონკრეტულად ამ უფლების ამოღებაზე თუ ვისაუბრებთ, პირიქით ვფიქრობ, ეს პოზიტიური იყო და მან დადებითი როლი შეასრულა, ქვეყანაში მშვიდ პოლიტიკურ გარემოში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრეზიდენტმა.