გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა.
საგარეუ უწყების ინფორმაციით, თამარ ბერუჩაშვილის ორდღიანი სამუშაო ვიზიტის მიზანია, საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და მთელ რიგ სფეროებში უკვე არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ახალი პრესპექტივების გამოვლენა.
ვიზიტის პირველი დღე დაეთმო ოფიციალურ შეხვედრებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ რიოტგენთან და ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან: კარინ შტრენცთან, ფილიპ მისფელდერთან, ტობიას იოზეფ ცეხთან და მარტინ გერსტერთან.
გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, მხარეებმა განიხილეს საქართველო-გერმანიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და პოზიტიურად შეაფასეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო ინტენსიური ხდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა 2015 წლის თებერვალში თბილისში სტუმრობისათვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის და საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის. თამარ ბერუჩაშვილმა გერმანელ პარლამენტარებთან საუბრებისას ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამ კონტექსტში, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე. ამას გარდა, საუბარი შეეხო მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონულ უსაფრთხოებას. ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი გერმანიის მხრიდან შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე, განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
4 მაისსვე, ვიზიტის ეკონომიკური ბლოკის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გერმანული ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან, რომელსაც ორგანიზება გაუწია მსხვილმა ბიზნეს გაერთიანებამ - გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტმა. შეხვედრაზე გერმანელმა ბიზნესმენებმა წარმოადგინეს კონკრეტული ინიციატივები და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ბიზნეს-კლიმატისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.ღსანიშნავია, რომ გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტი მ/წლის 16-17 ივნისს, საქართველოში გამართავს ბიზნეს-ფორუმს და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა".
ბერლინში ვიზიტის პირველ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუები მისცა ცნობილ გერმანულ მედია-საშუალებებს, კერძოდ, საინფორმაციო სააგენტოს Reuters ჟურნალისტს ანდრეას რინკეს, გაზეთის Die Welt ჟურნალისტს სილკე მიულჰერსა და გაზეთის Business and Diplomacy ჟურნალისტს რაინერ შუბერტს.