პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ერეკლე კოდუას სხვა თანამდებობაზე გადაყვანით ვანო მერაბიშვილის უწყება არითმეტიკული ფორმულის: "შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება" ჭეშმარიტებას ამოწმებს.
"ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა არითმეტიკული კანონების ჭეშმარიტებით და ამოწმებს ცნობილ ფორუმულას: "შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება". ამდენად, ირაკლი კოდუას ახალ თანამდებობაზე გადაყვანა რაიმე ტიპის სერიოზულ ცვლილებად არ შეიძლება განვიხილოთ", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში დღეს განხორციელებულ საკადრო გადაადგილებაზე კომენტირებისას.
პოლიტოლოგი კოდუას კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დანიშვნას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად არ მიიჩნევს და აღნიშნულის მიზეზებსაც ხსნის.
"ეს საკადრო ცვლილება პოლიტიკურ პროცესებს ვერც დაუკავშირდება, რადგან ვანო მერაბიშვილისთვის საინტერესო კადრი ამ სისტემაში თუნდაც კარისკაცად რომ მუშაობდეს, ის მაინც მხედართმთავრის როლს შეასრულებს და არა კარისკაცისას, როგორც კი ამის აუცილებლობა შეიქმნება. შსს-ის დღევანდელი მართვის სტილიდან გამომდინარე, სრულიად უმნიშვნელო ფაქტორი გახლავთ რა თანამდებობაზე მუშაობს ესა თუ ის პირი - მთავარია, მას რა რეალური ფუნქცია აკისრია თავისი უფროსისადმი", - განმარტავს ცისკარიშვილი, რომლის შეფასებითაც, იმაზე საუბარი, კოდუას სხვა თანამდებობაზე გადანაცვლებით მისი დაწინაურება მოხდა თუ დაქვეითება, მხოლოდ შიდაწრეებში შეიძლება, "საზოგადოების აზრით კი, ასეთი ტიპის გადაადგილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის სტილში რეალურ ცვლილებას ვერ შეიტანს".
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს საკადრო ცვლილება განხორციელდა. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა კრიმინალური დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
სოდ-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს კი, დევი ჭელიძე დაიკავებს, რომელიც აქამდე კრიმინალურ პოლიციას ხელმძღვანელობდა.