საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, 4-5 მაისს, საქართველოს პარლამენტი საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ფორუმს - „სამმხრივი საპარლამენტთაშოროსო თანამშრომლობა: ახალი მიდგომები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა“ უმასპინძლებს.
ორდღიანი ფორუმი 4 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაიხსნება.
პარალემნტის ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე და კონრად ადენაუერის ფონდის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, ჯანან ატილგანი მიმართავენ.
სამმხრივი საპარლამენტაშორისო ფორუმის სამუშაო შეხვედრები პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმში მონაწილე მხარეები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: სამ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაფართოვების ახალი მექანიზმები; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა-პასუხობს თუ არა აღნიშნული ფორმატი წევრი ქვეყნების გამოწვევეს; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ძლიერი და სუსტი მხარეები; რეგულირებისა და დივერსიფიკაციის საჭიროებები.
სამუშაო შეხვედრების დასასრულ, 5 მაისს, 14:30 საათზე, საქართველოს პარლამენტში („ა“ კორპუსი, 307-ე ოთახი), აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნების - საქართველო-მოლდოვა-უკრაინა - საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივის თაობაზე ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
საქართველოს პარლამენტი და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საპარლამენტო კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების საკითხებზე.