პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და გარემოს დაცვის მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანებები გამოსცა.
სამივე ბრძანება ინდივიდუალურადაა გამოცემული და დღევანდელი დღითაა დათარიღებული. აღნიშნული დოკუმენტები მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვის მინისტრად გიგლა აგულაშვილი, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მეხუთე პუნქტის საფუძველზე დანიშნა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დღეს წარადგინა. მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრი იქნება.
პრემიერმა პარლამენტსა და პრეზიდენტს მოუწოდა, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადების პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარებულიყო, თუმცა პრეზიდენტმა აღნიშნული პროცედურა ერთი კვირის ვადით გადადო.