ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენას პოლიტიკური გაურკვევლობაც ახდენს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
,,თავისთავად ცხადია, რომ როდესაც საგარეო ფაქტორები განაპირობებს ვალუტის რყევას და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური გაურკვევლობაც თავის ზეგავლენას ახდენს გაცვლით კურსზე", - აღნიშნა ხადურმა.
ამასთან, ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვალუტის კურსი ძალიან მალე დასტაბილურდება.
შეგახსენებთ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა და პრეზიდენტს სთხოვა მინისტრობის კანდიდატები პარლამენტისთვის დღესვე წარედგინა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო და მმართველ გუნდს მოუწოდა მთავრობის შემადგენლობაზე მსჯელობა მშვიდ გარემოში გააგრძელონ.