გიგლა აგულაშვილს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში, პარლამენტში რესპუბლიკური პარტიის წევრი თემურ ნერგაძე ჩაანაცვლებს. ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
"გიგლა აგულაშვილის ნაცვლად, რიგით უწევს თემურ ნერგაძე. ქალბატონი თინა კი, მოგეხსენებათ, მაჟორიტარი დეპუტატია საგარეჯოდან, ამიტომ, იქ შემოდგომით გაიმართება შუალედური არჩევნები. მანამდე, ეს ადგილი იქნება ვაკანტური", - თქვა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, ნერგაძე 2004-2008 წლებში იყო პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების პარტიული სიით, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრი, ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წევრი (2005-2008).
ის ასევე არის საქართველოს სახალხო ფრონტის და ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2012 წლიდან თემური ნერგაძე საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
საქართველოს პარლამენტის წევრები - თინათინ ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატებად დღეს წარადგინა.