ცენტრალური საარჩევნო კომისია ვადამდელი არჩევნებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში ცესკო მზად არის პროცესები დაიწყოს და ვადამდელი არჩევნებისთვის მოემზადოს.
"ცესკო იმდენად ჩამოყალიბებული და იმდენად განვითარებული ინსტიტუტია, რომ ჩვენ გამუდმებით მზად ვართ დაუგეგმავი ღონისძიებების ჩასატარებლად",- აცხადებს თამარ ჟვანია.
,,პროცესები თუ წარიმართა კონკრეტული მიმართულებით, თეორიულად შესაძლებელია რიგგარეშე არჩევნების საკითხი დადგეს. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი მდგომარეობით პრემიერმა ორი კვირის ვადაში უნდა დასახელოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, შემდეგ პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინის პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად. ამის შემდეგ, პარლამენტი განიხილავს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს და თუ საჭიროდ ჩათვლის მხარდაჭერას გამოუცხადებს. ამითვის კი პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. არსებული მოცემულობით კი 75 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩატარდება კენჭისყრა და თუ ამ შემთხვევაშიც პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტის არა ნაკლებ 2/5-ის მიერ მხარდაჭერილ პრემიერის ახალ კანდიდატურას წარუდგენს, შემდგომ პრემიერი ერთი კვირის ვადაში შეარჩევს მინისტრების შემადგენლობას და წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად და თუ ამის შემდეგ პარლამენტმა კვლავ ნდობა არ გამოუცხადა მთავრობას ამის შემდგომ პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს”, -განმარტავს ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში პარლამენტის წესებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი.