კონსულტაციების პროცესში შესაძლოა სხვა მინისტრების შეცვლის საკითხიც დადგეს. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ განუცხადა.
,,ჯერ არ არის ცნობილი, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა მხოლოდ ორი მინისტრით განახლდება და მეტით არა. Kკონსულტაციების რეჟიმი გრძელდება და კონსულტაციებს იმიტომ ჰქვია კონსულტაციები, რომ შეიძლება სხვა მინსტრებთანაც დაკავშირებითაც იყოს გარკვეული მოსაზრებები. ჯერჯერობით, იცის ყველამ რომ საუბარია ორ მინისტრზე, რომლის პოსტი არის ვაკანტური”, _განაცხადა მიროტაძემ.
,,ჯი-ეიჩ-ენის”კითხვაზე ხედავს თუ არა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ცვლილების აუცილებლობას დეპუტატი განმარტავს:
,,ამ საკითხზე მე მაქვს ჩემი მკაფიო მოსაზრება: დაახლოებით, ერთი თვის წინ როცა მთავრობის ეკონომიკური გუნდი პარლამენტში იმყოფებოდა და საუბარი იყო იმ სირთულეებზე, რომელიც ეკონომიკური მიმართულებით არსებობს. მათ თქვეს, რომ არსებობს სამეტაპიანი გეგმა მოკლევადიანი, საშუალოვადი და გრძელვადიანი. მოკლევადიანი გეგმის პირველადი შედეგების ვადად ივნისის ბოლო დაასახელეს, ამიტომ თქმა ახლა უნდა შეიცვალოს თუ არა ეკონომიკური გუნდი გამიჭირდება, რადგან პირველი შედეგები მინდა ვნახო და თუ ივნისის ბოლოს არ ვნახავ შედეგებს, მე ვიქნები იმ დეპუტატთა შორის ვინც დასვამს საკითხს - რატომ ვერ მოხერხდა შედეგის მიღწევა და უნდა დადგეს თუ, არა მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლის საკითხი, - აღნიშნა დეპუტატმა.
მიროტაძე ასევე აცხადებს, რომ გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე პარლამენმტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა მართლაც განიხილება თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
,,ვიცი რომ კონსულტაციები იყო და ახლაც გრძელდება გიგლა აგულაშვილთან დაკავშირებით. თუმცა ძალიან გამიჭირდება გითხრათ რა გადაწყვეტილებას მიღებს მთავრობა. გიგლა აგულაშვილი არ არის ერთადერთი კანდიდატო რომლის ირგვლივაც მიმდინარეობს მსჯელობა. აქედან გამომდინარე ვიდრე პრემიერი არ გამოაცხადებს და არ იტყვის ამის შესახებ, პირადად გამიჭირდება თქმა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, - აღნიშნა მიროტაძემ.