საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღის მეორე ნახევარში დაასახელებს. ამის შესახებ, მან ჟურნალისტებთან ,,რადისონში” განაცხადა.
ამ ეტაპზე მთავრობა გადამდგარია და ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად მიიჩნევა. პრემიერს ორკვირიანი ვადა აქვს მთავრობის განახლებული შემადგენლობის დასასახელებლად,რის შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს გადაეგზავნება. ხოლო პრეზიდენტი ვალდებულია პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად 7 დღის ვადაში წარუდგინოს.
,,პროცესები თუ წარიმართა კონკრეტული მიმართულებით, თეორიულად შესაძლებელია რიგგარეშე არჩევნების საკითხი დადგეს. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი მდგომარეობით პრემიერმა ორი კვირის ვადაში უნდა დასახელოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, შემდეგ პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინის პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად. ამის შემდეგ, პარლამენტი განიხილავს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს და თუ საჭიროდ ჩათვლის მხარდაჭერას გამოუცხადებს. ამითვის კი პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. არსებული მოცემულობით კი 75 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩატარდება კენჭისყრა და თუ ამ შემთხვევაშიც პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტის არა ნაკლებ 2/5-ის მიერ მხარდაჭერილ პრემიერის ახალ კანდიდატურას წარუდგენს, შემდგომ პრემიერი ერთი კვირის ვადაში შეარჩევს მინისტრების შემადგენლობას და წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად და თუ ამის შემდეგ პარლამენტმა კვლავ ნდობა არ გამოუცხადა მთავრობას ამის შემდგომ პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს”, _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში პარლამენტის წესებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.