მესამე მასივის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ლევან დარახველიძის ინიციატივით, მის სამაჟორიტარო ოლქში, დასუფთავებისა და გამწვანების აქცია მოეწყო. ღონისძიებები შპს ,,თბილსერვის ჯგუფისა“ და დედაქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.
ანალოგიური აქციები მესამე მასივის სხვადასხვა კვარტლებში პერმანენტულად მიმდინარეობს და მასში აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და სკოლის მოსწავლეები, ისე სამაჟორიტარო ბიუროს წევრები.
ლევან დარახველიძის თქმით, დღეს მესამე მასივში 150 ძირი ფოთლოვანი ხე დაირგო. ზემო პლატოზე სკვერის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, ლევან დარახველიძემ ბავშვებთან ერთად ნერგები დარგო, მოგვიანებით კი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული სკვერის კაპიტალურად მოპირკეთებას დაჰპირდა.
დასუფთავებისა და გამწვანების აქციის დასასრულს, კერძო სკოლა-ლიცეუმის ,,ოპიზა“ მოსწავლეებმა ე.წ. ,,ფლეშმობი“ წარმოადგინეს და აღნიშნულ ღონისძიებებში მათი ჩართულობისთვის დეპუტატს მადლობა გადაუხადეს. ლევან დარახველიძემ დღესვე ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა და მესამე მასივში მდებარე ორი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა.