ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მაღალმთიანი ,,ეკოლოგიური დერეფნების” შექმნის საკითხებზე მუშაობა გრძელდება. ამის შესახებ, აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კომიეტეტის თავმჯდომარემ საველი ჭითანავამ განუცხადა.
,,განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების ერთიანი ქსელის შექმნა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ბუნებაში პოლიტიკური საზღვრები არ არსებობს. ჩვენ გვესმის, ,,ეკოლოგიური დერეფნის” არსებობა ეკოსისტემის დაცვისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და ამიტომ ამ იდეას ყოველთვის მხარს დავუჭერთ.”- აღნიშნა ჭითანავამ.
ოკუპირებული აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის რომან დბარის თქმით, მათთვის მთავარია, გარეული ცხოველების მიგრაციისთვის საჭირო პირობებს ხელი შეუწყონ. ამისთვის კი საჭიროა, კავკასიონის მთავარი ქედის ორივე მხარეს დაცული ბუნებრივი ტერიტორიები შეიქმნას, სადაც გარემოს დაცვის ერთიანი რეჟიმი იმოქმედებს.
დბარის განმარტებით, ადრე უკვე განხორციელდა რიწის რელიქტური პარკისა და რუსეთის ტერიტორიაზე არსებული კავკასიის ბიოსფერული ნაკრძალის საზღვრების შერწყმა.
2013 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ტრანსკავკასიური დაცული ტერიტორიების ,,კავკასიის რელიქტური პარკის” შექმნას ითვალისწინებს.
,,ეს სპეციალურად გაკეთდა, რათა მსხვილფეხა გარეული ცხოველებისთვის, მტაცებელთათვის და გადამფრენი ფრინვლებისთვის ერთიანი დერეფნის და მათი უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა ყოფილიყო შესაძლებელი.” - აღნიშნა რომან დბარმა.
მისი თქმით, ეროვნული ეკოლოგიური დერეფნის რეალიზიების პროექტი ფინალურ სტადიაშია.
მისი დასრულების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიების 27 % დაცული ტერიტორიების ზონაში მოექცევა.