ტარიელ ონიანმა, რომელსაც გამოძიება ადამიანის გატაცებაში სდებს ბრალს, ხოლო მედია მას პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტს უწოდებს, მოსკოვის ხამოვნიჩესკის სასამართლოს გასვლით სხდომაზე, რომელიც მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა თავი ბრალდებულად არ სცნო.
"მე არ მჯერა, რომ ასეთი დანაშაული ბუნებაში მოხდა", _ აცხადებს ონიანი. მასთან ერთად კიდევ ორმა განსასჯელმა სერგო აბუთიძემ და ალექსეი ზუბარიოვმა ასევე არ აღიარეს დანაშაული. "მე დაზარალებული ვარ, მე მცემეს, წამართვეს ფული და ციხეში ჩამსვეს", _ განაცხადა აბუთიძემ.
დაზარალებული ჯონი მანაგაძე სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა და მას პროცესის მსვლელობის აუდიოკავშირით მოსმენის საშუალება ჰქონდა. განსასჯელებმა მანაგაძის არყოფნა სასამართლო დარბაზში გააპროტესტეს. რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ მანაგაძე სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფება და ამის გამო, იგი ჩვენებებსაც აუდიოკავშირით მისცემს.
სასამართლოს მიმდინარეობისას პროკურორმა სიტყვით გამოსვლის რიგითობა გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც პირველი სასამართლოში სიტყვით დაზარალებული გამოვა, შემდეგ მოწმეები, შემდეგ კი განსასჯელები. ეს რიგითობა ონიანმა და აბუთიძემ გააპროტესტეს და სასამართლოში სიტყვით გამოსვლა პირველებმა ითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ ტარიელ ონიანს, სერგო აბუთიძესა და ალექსეი ზუბარიოვს საქართველოს მოქალაქის ჯონი მანაგაძის გატაცება და გამოსასყიდის სახით მისგან 500 ათასი დოლარის მოთხოვნა ედებათ ბრალად.