თბილისში, საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში 13:00- საათზე ჩატარდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც განხილული იქნება შემდეგი საკითხი: მოქალაქე კახი სამხარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა.
პარალემნტის ინფორმაციით, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით ცვლილებები შედის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, აღნიშნულ კანონს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სტაჟიორის ცნებას და სტაჟირების პირობებს.
საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, სტაჟიორი არის პირი, რომელიც ეწევა ანაზღაურებად ან ანაზღაურების გარეშე საქმიანობას საჯარო სამსახურში. რაც შეეხება სტაჟირების პირობებსა და გავლის წესს, იგი განისაზღვრება იმ საჯარო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი გადის სტაჟირებას. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის პერიოდის ჩათვლას სამსახურის სტაჟის გამოანგარიშებისას.