ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთის მიერ ინიცირებულ შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.
სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, განსაკუთრებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კონტექსტში, ასევე ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღევანდელი შეხვედრა იყო მკაფიო დემონისტრირება იმისა, რომ საქართველოს დიდი მხარდაჭრა აქვს. იგი განიხილება, როგორც ქვეყანა, რომელმაც წარმატებით განახორციელა რეფორმები „აღმოსავლეთ პარტნიორების" სხვა ქვეყნებს შორის. იგი გახლავთ ლიდერი ქვეყანა ბევრი მიმართულებით და ამან სათანადო ასახვა უნდა ჰპოვოს რიგის დეკლარაციაში. დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა დონეზე, რათა გზავნილები, იმისა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა" მუშაობს, რომ იგი არის წარმატებული და აქვს სერიოზული შედეგები, დაფიქსირდეს. ეს გვჭირდება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თავად ევროკავშირსაც, განსაკუთრებით იმ რთული ვითარების გათვალისწინებით, რაც ევროპის კონტინენტზეა" - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდგომ.
ლუქსემბურგში შეხვედრა სლოვაკეთის ინიციატივით გიმართა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცა იმ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში, მისი განცხადებით „საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და წარმატებული ქვეყანაა, შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრს შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა წარმოეჩინა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მაღწია, ასევე ესაუბრა გადადგმულ ნაბიჯებზე და იმ მოლოდინებზე, რომლებიც რიგის სამიტთან დაკავშირებით არსებობს. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე. უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ, კომისარმა იოჰანეს ჰაანმა და მთელი რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საკუთარ გამოსვლებში მაღალი შეფასება მისცეს გაწეულ ძალისხმევას და ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი გადმოსახედიდან. ეს შეხვედრა წარმოადგენდა აღიარებას, რომ თქვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, ამასთან, მინისტრმა ბერუჩაშვილმა მკაფიოდ გააჟღერა ქართველი ხალხის მოლოდინები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით" - განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა.