პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს ტურიზმის განვითარების შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია. რეგიონში შესაძლებელია ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განვითარება. მათ შორისაა: ღვინის ტურიზმი, აგროტურიზმი, ეკო და ექსტრემალური, ასევე, სამთო-სათხილამურო ტურიზმი.
”მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო რამდენიმე საინტერესო დეტალზე, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სწორედ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს გახლავთ ამ რეგიონის ბუნებრივი მრავალფეროვნება. მაგალითად, ამბროლაურში არის კარსტული მღვიმეები - ახლახან აღმოჩენილია მღვიმე უნიკალური ნაღვენთებით, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, ამბროლაურში არის სამკურნალო ბალნეოლოგიური წყლები, რომლებსაც დიდი ღირებულება აქვს და შესაძლებელია შეიქმნას ბალნეოლოგიური კურორტები.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი მდიდარია ისეთი ბუნებრივი რესურსებითაც, როგორიცაა ხე-ტყე, ჰიდრორესურსები, სხვადასხვა სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალა”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტი „ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის“ წარდგენისას.