ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან გამოეხმაურა, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდმა კვლევა საქართველოში 2014 წლის მეორე ნახევარში ჩაატარა.
კვლევის შედეგების მიხედვით, ევროპის მასშტაბით, შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დაფიქსირდა.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2.0 შეადგენს.
„2012 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ დემოგრაფიულ პროგრამაზე მუშაობა, ეს კოეფიციენტი შეადგენდა - 1.6, 2013 წელს გახდა - 1.7, ხოლო დღეს უკვე ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა 2. 0-მდე“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლები, 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გამოაქვეყნა სტატისტიკის დეპარტამენტმაც, რის მიხედვითაც, შობადობა 4.8 %-ით გაიზარდა.როგორც გაეროს დასკვნაშია აღნიშნული, "საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება გამოწვეულია ხელისუფლების მხრიდან თანმიმდევრული და ეფექტური პოლიტიკის გატარებით, რაც გამოიხატა შობადობის გაზრდაში, აბორტების შემცირებასა და ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში".
დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს გააცნო 2 წლის მანძილზე განხორციელებული დემოგრაფიული ინიციატივები: საქართველოს 6 რეგიონში, სადაც სიკვდილიანობა აღემატება შობადობას, ყოველ მესამე და შემდგომ ახალშობილზე 2 წლის ასაკამდე გაიცემა ფულადი დახმარება ბარში 150, ხოლო მთაში - 200 ლარის ოდენობით; მშობიარობა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ; გაიზარდა დეკრეტული შვებულების ვადა და ანაზღაურება; ორსული ქალებისთვის დაწესდა უფასო კონსულტაცია; ორსულ ქალებს უფასოდ ეძლევათ ფოლიუმ მჟავა და რკინა-დეფიციტური ანემიის შემთხვევაში რკინის შემცველი პრეპარატები; აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა 3 დღიდან გაიზარდა 5 დღემდე; აიკრძალა სელექციური აბორტები; გამკაცრდა სასჯელი უკანონო აბორტების მიმართ; განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსი; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის გაიცემა ერთჯერადი დახმარება საკვებით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით 1000 ლარის ფარგლებში.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარებ აღნიშნა, დემოგრაფიულ ინიციატივებზე 2 წლის მანძილზე ბიუჯეტიდან დახარჯულია 70 მილიონზე მეტი.
ისივე თქმით, სრულდება მუშაობა შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ კანონპროექტზე; სრულდება მუშაობა მთის კანონზე.
დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დაზუსტდება მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა, კომიტეტი მთავრობასთან ერთად შეიმუშავებს სოციალურ პაკეტს.