შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი
რანთიგ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში,
ურთიერთშელაპარაკებისას, 1994 წელს დაბადებულ ჯოშგუნ ა-ს ცივი იარაღით
სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჯოშგუნ ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, რანთიგ ა. მომხდარიდან ორ საათში, ლაგოდეხის რაიონის
სოფელ ფონაში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის
108-ე მუხლით).