დედაენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა იაკობ გოგებაშვილის საფლავი და დედაენის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ ამ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი უწოდა და დედაენის დღე სრულიად საქართველოს მიულოცა. „საქართველოს უახლესი წარსულის ისტორიაში 1978 წლის 14 აპრილი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია.
ეს არის დღე, როდესაც ქართველმა ერმა თავისი ენა დაიცვა. მე როგორც იმ მოვლენების თანამონაწილეს, არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორ იყო შემართული ჩვენი ინტელიგენცია და ახალგარდობა ქართული ენის დასაცავად. ენას მოფრთხილება სჭირდება, მამული, ენა, სარწმუნოება კი ის სამებაა, რომლის გაფრთხილების გარეშე ქართველი ერი თავის თვითმყოფადობასა და ცნობიერებას ვერ შეინარჩუნებს. ვულოცავ ყველას ამ მნიშვნელოვან დღეს“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის შემდეგ დედაქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები დედაენის ბაღში მივიდნენ.
როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფომ პრიორიტეტად ქართული ენის სიწმინდის დაცვა გამოაცხადა.
„ქართულ ენას ჩვენი ერის თვითმყოფადობაში ოდითგანვე განსაკუთრებული როლი აკისრია და ჩვენი მოვალეობა მისი შენარჩუნებაა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ მუნიციპალურ ვალდებულებასაც, რაც გარე რეკლამებსა და აბრებზე ქართული ენის სიწმინდის დაცვას გულისხმობს“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად მასობრივი გამოსვლა მოაწყო, რითაც საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ აღუდგა წინ. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა და ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.