ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სააღდგომოდ გადაადგილების რეჟიმი მკაცრდება. მოსახლეობა ვერ შეძლებს იმ ეკლესიებსა და სასაფლაოებზე მისვლას, რომლებიც მავთულხლართებს მიღმა მდებარეობს.
ეს გადაწყვეტილება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მიიღეს და შეზღუდვა სწორედ დღესასწაულებზე, 11 და 12 აპრილს იმოქმედებს. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სააღდგომოდ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა თბილისში.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას კონკრეტული ქმედითი მექანიზმი არ გააჩნია საიმისოდ, რომ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა მოახდინოს.
საკითხი ერგნეთში ოთხმრივ შეხვედრაზეც იყო განხილული, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შალვა ენუქიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
სახელისუფლებო გუნდი მორიგ სანქციებს პროვოკაციად აფასებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების გრძელვადიანი პოლიტიკის შედეგად მსგავსი პრობლემები ადრე თუ გვიან მოგვარდება.
„ჩვენ ძალიან გვჭირდება სიმშვიდე, ვფიქრობ რომ ეს არის გარკვეულწილად პროვოცირება იმისა, რომ ქართველებს ისევ პრობლემები შეექმნას,“ - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
საპარლამენტო უმცირესობა კი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ცხინვალის დღევანდელი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური ნაბიჯების შედეგია.
„სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება ისევე დუმს, ისევე როგორც დუმდა მცოცავი ანექსიისა და გალში ანექსიის დროს,“-აცხადებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან თარხნიშვილი.
ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მუშაობა საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურების კუთხით უნდა გააძლიეროს. სოსო ცისკარიშვილი ცხინვალის მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ასეთი „ველური სანქციის მომხრე ადგილობრივი მოსაქხელობა არ არის.“