"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, მთავრობამ "ბლოკ ჯორჯიას" ქუთაისის საავადმყოფო "სანუგეშო პრიზის" სახით გადასცა.
ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს სესიაზე გააკეთა.
"მთავრობისა და პარალმენტის ხელმძღვანელობის დაპირების მიუხედავად, კიდევ ვერ ხერხდება მთავრობის წარმომადგენელთა პარლამენტში მისვლა და ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრია და ბევრი ეჭვის საფუძველი ჩნდება", - აღნიშნა ანიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, გაურკვეველია "ბლოკ ჯორჯიას", რომელსაც მთავრობამ ხელშეკრულება შეუწყვიტა ქუთაისის საავადმყოფო რატომ დაუტოვა, მაშინ, როცა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით საავადმყოფო გარემონტებულია.
"ეს არის ქვეყანაში თავისი მნიშვნელობით მეორე საავადმყოფო, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს ემსახურება და მით უფრო გაუგებარია, რატომ ხელისუფლებამ აღნიშნული საავადმყოფო "ბლოკ ჯორჯიას" რატომ დაუტოვა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს იყო "სანუგეშო პრიზი", - აღნიშნა მაგდა ანიკაშვილმა.