უკრაინის გენერალური პროკუროსის მოადგილე დავით საყვარელიძე უკრაინელ ბიზნესმენებს მიმართავს, თუ ვინმემ მათ ქრთამის მიცემა მოსთხოვა ან ფულის გამოძალვა მოუნდომა, დახმარებისთვის გენპროკურატურას და პირადად მას მიმართონ.
ამის შესახებ საყვარელიძემ კიევში გამართულ სხდომაზე განაცხადა.
,,თქვენ მიდით, თქვენი საქმე აკეთეთ და თუ ვინმემ რამე თხოვნით დაგირეკავთ, მომართეთ პირადად მე.” - მოუწოდა უკრაინის გენპროკურორის ქართველმა მოადგილემ უკრაინელ მეწარმეებს.
მან აღნიშნა, რომ ბიზნესმენები შანტაჟს არ უნდა წამოეგონ და ქრთამის აღების ბრალდებით ქალაქ კრემატორსკის პროკურორისა და მისი მოადგილის საჯარო დაკავების მაგალითი მოიყვანა.
,,კრემატორსკში ამოიღეს იმ ადგილობრივი კომპანიების სია, რომლებიც რაიონის პროკურატურასა და პოლიციის უფროსებს წილს რეგულარულად უხდიდნენ. არც ერთ მათგანს არ უფიქრია, გენერალური პროკურატურისთვის განცხადებით მიემართა იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცეები ავიწროებდნენ.” - აღნიშნა საყვარელიძემ.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში უკრაინის გენერალურ პროკურატურაში გენერალური ინსპექციის სამსახური შეიქმნება, რომელიც პროკურატურის თანამშრომლებს შორის მექრთამეობის ფაქტების გამოვლენაზე იმუშავებს.