ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების 31 რაუნდის მიმდინარეობისას ქართულ დელეგაციაში შემავალმა ერთ-ერთმა მუშა ჯგუფმა აფხაზურ დელეგაციას რევოლუციონერ ნესტორ ლაკობას შესახებ არსებული საარქივო მასალები გადასცა.
ამის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ მოკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფაქტი ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია და მსგავს შეხვედრებზე უფრო მეტის მიღწევაც არის შესაძლებელი.
,,პრობლემების არაპოლიტიკური განხილვების პროცესში რეალური, სასარგებლო საქმეების გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია. მუშა ჯგუფების საქმიანობაში პროგრესი აშკარად შესამჩნევია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.” - აღნიშნა ჩირკბამ.
მისი განცხადებით, ჟენევის დისკუსიები აფხაზებისთვის ერთადერთი საერთაშორისო არენაა, სადაც მათთვის საჭირბოროტო საკითხების წამოჭრა და ხმამაღლა განხილვა შეუძლიათ, ამიტომ ეს არენა აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ.
ამავდროულად, მან უკმაყოფილება გამოთქვა ქართული დელეგაციის წევრთა ცვლილების გამო და განაცხადა, რომ ეს ფაქტი მოლაპარაკების პროცესს ხელს უშლის.
,,რაუნდებში, აფხაზური დელეგაცია წლების განმავლობაში უცვლელად მონაწილეობს, ქართული მხარე კი მუდმივ როტაციას განიცდის, რაც მოლაპარაკების პროცესზე ნეგატიურად აისახება.
სწორედ ქართული მხარის არაკონსტრუქციულობის გამო, მუშა ჯგუფებს იმაზე ადრე მოუწიათ მოლაპარაკების დატოვება, ვიდრე გათვალისწინებული იყო.”- აღნიშნა ჩირიკბამ.
შეგახსენებთ, ჟენევის დისკუსიების 31-ე რაუნდი 17-18 მარტს გაიმართა.
რუსეთმაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან მოკავშირეობის ხელშეკრულებას 18 მარტს მოაწერა ხელი.
მოლაპარაკებაში მონაწილე ქართულმა დელეგაციამ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია გააპროტესტა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების წინააღმდეგ მოსკოვის მიზანმიმართული პოლიტიკა დაგმო, რის გამოც მოლაპარაკების მიწურულს აფხაზურმა დელეგაციამ შეხვედრა დატოვა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი, 32-ე რაუნდი 2015 წლის 30 ივნისს- 1 ივლისს გაიმართება