”ჩვენ განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს შიდა ქართლის მიმართ”, აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლში პროექტის ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ გაცნობისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა შიდა ქართლის რეგიონს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, რადგანაც ომის კვალი ადვილად არ ქრება.
”ის უბედურება, სტრესი, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ გადააქვს ადგილობრივ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ადვილად გადასალახი არ არის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შიდა ქართლი მაქსიმალურად მოკლე დროში დადგეს ფეხზე. ჩვენ ვგრძნობთ განსაკუთრებულ ვალდებულებას მათ წინაშე. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ხალხის მხარდაჭერა და, მთლიანად, რეგიონის მოსახლეობისთვის მაქსიმალური პირობების შექმნა”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.