შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები ხელმძღვანელობის მხრიდან არასწორი ბრძანების შესრულებას შეეწირნენ. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ საკითხის კომენტირებისას გომელაურმა განაცხადა ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ დაკავებულ სპეცრაზმელები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ.
"ეს ადამიანები შეეწირნენ არასწორი ბრძანების შესრულებას, არასწორი ბრძანება მიიღეს და მათ შეასრულეს. კანონით ეს, რა თქმა უნდა, ისჯება. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან სპეცდანიშნულების დანაყოფის წევრები და მიიღეს არასწორი ბრძანება",- აღნიშნა გომელაურმა.
კითხვაზე, სპეცრაზმელს აქვს თუ არა შესაძლებლობა განსაზღვროს ბრძანება არის თუ არა კანონიერი, ან უკანონო და ამის შემდეგ იმოქმედოს შსს მინისტრი განმარტავს:
,, კანონი ავალებს მათ, რომ უკანონო ბრძანება არ უნდა შეასრულონ. მე ათი წელი ვიმსახურე მანდ. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობამ მე რომ მიბრძანოს მოკალი ეს ბავშვი, დაცხრილე, მე არ უნდა დამეცხრილა. იმდენი ელემენტარული ტვინი უნდა გქონდეს, რომ ეს ეს არ უნდა შეასრულო", - განაცხადა გომელაურმა.