საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაეროს მუდმივმა წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს, რომელიც მავთულხლართების გავლების შედეგად ორადაა გაყოფილი.
გაეროს ელჩებმა ადგილზე შეაფასეს სოფელში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობა, მოინახულეს და გაესაუბრნენ დავით ვანიშვილის მეუღლეს, რომლის კარ-მიდამოც ე.წ „საზღვრის“ დემარკაციის შედეგად ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩა.
„მსგავსი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან უცხოელი დიპლომატების მხრიდან შემდგომში ხდება ინფორმირება არა მხოლოდ იმ სახელმწიფოებისა, რომლის ელჩებიც არიან, არამედ იმ რეგიონული ჯგუფებისაც, რომელსაც ასევე წარმოადგენენ. აქ შვიდი ელჩია წარმოდგენილი, მაგრამ ინფორმაცია გაცილებით მეტ სახელმწიფოს მიუვა. ჩვენ მუდმივად ვაწვდით გაეროს ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმა თავად ნახონ ადგილზე არსებული მდგომარეობა“-განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ
„ჩვენ სულ ახლახანს დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომეცა საშუალება პირადად მომენახულებინა საოკუპაციო ხაზი და გავსაუბრებოდი იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც ოკუპაციის შედეგად დაზარალდნენ“ - აღნიშნა მაჰე ტოპოუნიუამ, ტონგას მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში.
სამი რეგიონის გაეროს 7 მუდმივი წარმომადგენელი გვინეადან, გრენადადან, იამაიკიდან, კაბო-ვერდედან, ტიმორ-ლესტედან, ტონგადან და უგანდადან საქართველოს 31 მარტს ეწვივნენ. მათ შეხვედრები გამართეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. მათ ასევე მოინახულეს იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
უცხოელ დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. მუდმივი წარმომადგენლების ინტერესის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოხატა რეფორმების გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნაც.