პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წელს ლარის კურსის მკვეთრმა ვარდნამ და ეკონომიკური ზრდის სოლიდურმა შემცირებამ დღის წესრიგში დააყენა ქვეყნის საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება. როგორც პრეზიდენტმა განმარტა აღნიშნულმა ფაქტმა დაადასტურა საგარეო ეკონომიკური რისკების პირისპირ საქართველოს ეკონომიკის არც თუ საკმარისი მზაობა და ეკონომიკური პროგნოზირების ფაქტობრივად არ არსებობა.
,,,ეკონომიკური რყევების, მათ შორის საგარეო ფაქტორებით გამოწვეული შოკების უკეთ გამკლავების მიზნით ეკონომიკური პროგნოზირების მოქნილი სისტემა გვესაჭიროება. შესაბამისად, აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის, ისე, რომ შენარჩუნებული იქნას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ,,ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში ხაზგასმულია ოლიგოპოლიური გარემოს შეცვლის აუცილებლობა. აქ ვკითხულობთ: ‘’ამ მოდელის „წარმატებას“ საქართველოს ყველა მოქალაქე გრძნობს პირველადი მოთხოვნილების საქონლისა და მომსახურების - საკვების, საწვავის, მედიკამენტების, ელექტროენერგიისა და სხვადასხვა კომუნალური მომსახურების შეძენისას’’ საზოგადოებამ ამ ხედვას დაუჭირა მხარი და დღესაც იგივე აზრზეა. მიუხედავად ამისა, კვლავ აქტუალურია კითხვები ბაზარზე ოლიგოპოლიების, კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებებისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ. ლოგიკურად ჩნდება კითხვა კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის შესახებ”, _აღნიშნა პრეზიდენტმა.